დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

"ეს ბრძოლა მამასთან წავაგე. შემდეგ უკვე ზუსტად იგივე ბრძოლა ქმართან გამოვიარე"

26 дек 2016, 19:12, admin
loading...
"ჩემი ბავშვობა თავიდანვე არ ჰგავდა სხვებისას. არც მზრუნველი მამა მყოლია, არც განებივებული ვყოფილვარ რამით. პირიქით. მე და ჩემს დედმამიშვილებს ყოველთვის ყველაფერი გვაკლდა. დაწყებული ტანსაცმლით და სასკოლო ნივთებით, დამთავრებული ოჯახური სითბოთი და მშობლების სიყვარულით, რის ნაკლებობასაც ყველაზე მეტად ახლა განვიცდი. არ ვიცი, აქამდე რამ მომიყვანა, რა ძალამ, ალბათ, უფრო იმედმა, რადგან ეს ერთადერთია, რომელსაც ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ მივუტოვებივარ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ერთ ჩვეულებრივ, ნაცრისფერ ქალად არ დავრჩებოდი. ქალად, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. ქალს, რომელსაც სოციუმი კარნახობს, როგორი "უნდა" იყოს, როგორ "უნდა" იცხოვროს, როდის "უნდა გათხოვდეს"...
პრობლემები მანამდეც იყო, მაგრამ როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრება და სწავლა გადავწყვიტე, ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ შემექმნა – არც მეტი, არც ნაკლები – მამაჩემისგან. სწავლის უფლებას არ მაძლევდა. გაინტერესებთ, რატომ? იმიტომ, რომ ქალი ვარ და ჯერ ერთი, რომ სწავლა ჩემი საქმე არაა და მეორეც, მარტო დავრჩებოდი და "ავიშვებდი". ეს ბრძოლა წავაგე. შემდეგ უკვე ზუსტად იგივე ბრძოლა ქმართან გამოვიარე. მახსოვს, ასეთი რამ ვუთხარი: "აღარასდროს, აღარავის მივცემ უფლებას გადაწყვიტოს ის, რაც ჩემი გადასაწყვეტია და თუ შენსა და სწავლა–განვითარებას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს და ამის გაკეთებას შენ მაიძულებ, იცოდე, რომ ეს არჩევანი შენ არ იქნები და ყოველთვის მეორეს ავირჩევთქო" არ დამავიწყდება მისი წაშლილი სახე... და ამჯერად გავიმარჯვე.
ამ დროს უკვე ორი შვილი მყავდა. მათთან ერთად რვა თვე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ვიცხოვრე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი ახლობლის, მეგობრის, მშობლების და მთლიანად საზოგადოების რეაქცია წინასწარ ვიცოდი, მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და არაფერს ვნანობ. თუმცა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ორი პატარა ანგელოზით სრულიად მარტო დავრჩი. არც იმის მრცხვენია, რომ ამ ყველაფერს ვყვები, რადგან ჩემს თავთან მართალი ვარ და საზოგადოების აზრზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ესაა. ძვირად დამიჯდა ეს გამარჯვება. თავშესაფრიდან წამოსვლის მერე იძულებული გავხდი, ბავშვები მამასთან დამეტოვებინა. მათ ცხოვრებაში ერთადერთი ის შეიცვალა, რომ იშვიათად მხედავენ. მე ბათუმში ვცხოვრობ, მეორე კურსის სტუდენტი ვარ. პერიოდულად ვმუშაობ და ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი შვილები ჩემთან იყონ და ჩემით იამაყონ. თუკი რამე საშინელი გრძნობა არსებობს ამქვეყნად ადამიანთა შორის, იმათ შორის სინანული მიმაჩნია უპირველესად. არ არსებობს სინანულზე უფრო საზიზღარი რამ. არც შინაგანი სიცარიელე, არც სიძულვილი, არც საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.. სინანული არის საშინელებათა შორის საშინელება, როცა იცი, რომ თავის დროზე შეგეძლო რაღაცის შეცვლა და ეს არ გააკეთე, სამუდამო ტანჯვისთვის ხარ განწირული.
ძველი ნაცნობებისთვის და ყოფილი ქმრის გუკშემატკივრებისთვის
ერთი უვარგისი და გაფუჭებული ქალი ვარ, რომელიც "ოჯახს არ გამოადგა". სხვები თვლიან, რომ ძლიერი ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ განსაცვიფრებელი არაფერი გამიკეთებია. იქ, სადაც ვერ გიგებენ, არავინ გისმენს და თავს ცუდად გრძნობ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდე. თუ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, ვალდებული ხარ წახვიდე. გაქცევა ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალია. შეიძლება ჩემი შვილები ისე ხშირად ვეღარ მხედავენ, როგორც ადრე (არც მე ვიცი, რა არაამქვეყნიური ძალა მაძლებინებს მათ გარეშე), მაგრამ მირჩევნია მათ ბედნიერი და ღიმილიანი ვახსოვდე, ვიდრე ერთი უბედური ქალი, რომელსაც არაფერი პიროვნული არ გააჩნია და სხვების ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც ყავის ჭიქით ხელში, ყალბი ბედნიერების ნიღაბ აკრული დადის კარდაკარ, მეზობელ-მეზობელ და ბოლოს, სიბერეში, მომკითხავიც აღარავინ ჰყავს..
ოცნებები არ მაქვს. მაქვს მხოლოდ გრანდიოზული გეგმები და მიზნები. უკლებლივ ყველას სისრულეში მოვიყვან! იმის მიუხედავად, რომ ადამიანებთან ურთიერთობას უმრავლეს შემთხვევაში ჩემთვის ტკივილი მოჰქონდა, მაინც მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში ჩვენს წილ ღმერთს სძინავს. ჩემში ეს ღმერთი სწორედ ამ ტკივილმა გააღვიძა და გამოაფხიზლა. მადლობას ვუხდი ყველა ამ ტკივილის ავტორს. მათ შორის მამაჩემს და ჩემს ყოფილ ქმარსაც. რომ არა თქვენ, მე ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ..."
მარიამ კოიძე, 23 წლის, ბათუმი
© 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდანскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი